"დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა.
კახა კალაძემ უპასუხა საკრებულოს წევრის, ვახტანგ სურგულაძის შეკითხვებს დედაქალაქში არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
მიხარია, რომ მადლობას გვიხდით იმისთვის, რაც კეთდება და რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი ამაზე საუბრობს. ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეული არ ვართ, რადგან ოპოზიციის წევრები ყოველთვის იმაზე საუბრობენ, რომ რაც კეთდება ცუდია ან საერთოდაც არაფერი კეთდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.
რაც შეეხება მიწისზედა მეტროს, ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. ყველაფერი დავთვალეთ და პრიორიტეტებს მივაქციეთ ყურადღება", - განაცხადა თბილისის მერმა.
წყარო: რუსთავი 2
