ტერორისტული ორგანიზაცია HAMAS-ის წინააღმდეგ ომში მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სამუშაო ვაზიტით აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ეს უცხოელი კოლეგის პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში და ნიშანდობლივია, რომ ამ სიმბოლურ ნაბიჯს სწორედ აშშ-ის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირის, ისრაელის ლიდერი გადადგამს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე, სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე, ირანიდან მომავალ საფრთხეებზე და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ისაუბრებენ.
ისრაელს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ეს სახელმწიფო მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ისტორიულ მოკავშირედ ითვლება. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა კრიტიკული მიზანია თავად დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ისრაელი რამდენიმე არაბულ სახელმწიფოსთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან და მოროკოსთან დააახლოვა, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის დროს, ირანის მხარდაჭერით დაწყებულმა ომმა აბრაჰამის ჩანაწერების ძალმოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გასულ წელს, მნიშვნელოვან სიახლედ იქცა სირიელი დიქტატურის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა, რამაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის გავლენა შეამცირა. პარალელურად, დონალდ ტრამპი აგრძელებს ბრძოლას “ისლამური სახელმწიფოს” სახელით ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულია. გამორიცხული არ არის, დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეგიონში და ფართო გეოგრაფიულ ჭრილში ტერორიზმის აღმოფხვრაზეც იმსჯელონ.
წყარო: bm.ge