რუსეთის მთავრობას მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენება სურს. კოსმოსური სააგენტოს, Roscosmos-ის განცხადებით, გეგმა დამტკიცებულია და ის 2036 წლამდე მთვარეზე პირველი სადგურის აშენებას მოიაზრებს.
როგორც ცნობილია, პროექტში რუსეთი და ჩინეთი იქნებიან ჩართულნი და ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე ორივე ქვეყანა იმუშავებს.
ამ პროექტის მიზანს რაც შეეხება, Roscosmos-ის განმარტებით, მთვარეზე აშენებულმა სადგურმა იქ მყოფი ასტრონავტები ელექტროენერგიით უნდა მოამარაგოს, რადგან დედამიწის თანამგზავრზე მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად და კვლევების ჩასატარებლად აუცილებელია ენერგია, რომლის გამომუშავების ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხადია, ბირთვული სადგურია.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს მთვარესთან მიმართებით ამბიციური გეგმები ადრეც ჰქონდა, თუმცა 2023 წელს Luna-25-ის სახელით ცნობილი მისიის კრახის შემდეგ, კრემლმა პოზიცია იცვალა და განაცხადა, რომ მთვარე მხოლოდ ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეისწავლოს და ამ საქმეში რუსეთის პარტნიორი ჩინეთი უნდა იყოს.
წყარო: bm.ge
