Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს თბილისში 41,284 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Recov-ზე განახლებული მონაცემებით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 12%-ით 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
"2024 წელს თბილისში ახალ პროექტებში გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობის 8.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად გარეუბანსა და ფართო ცენტრში 13%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერში დედაქალაქში 4,039 ბინა გაიყიდა, რომლის ღირებულებამ 292 მლნ დოლარი შეადგინა. გაყიდვების რაოდენობა 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით, ხოლო გაყიდული ბინების ღირებულება 16%-ით გაიზარდა.
"დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერის მიერ გაყიდვები) 26%-იან ზრდასთან, (მეორეული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა). გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.