ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, რასელ ბრენდს გაუპატიურების ფაქტებზე ორი ახალი ბრალდება წარედგინა.
ცნობისთვის, აქამდე ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, რასელ ბრენდს 1999-2005 წლებში 4 ქალის გაუპატიურებისა და მათზე სექსუალური ხასიათის ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა.
როგორც ბრიტანული გამოცემა BBC წერს, ბრიტანელ კომიკოსს 2009 წელს ჩადენილ, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტებზე 2 ქალი სდებს ბრალს.
მსახიობი უესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში 2026 წლის 20 იანვარს უნდა გამოცხადდეს. ბრენდს გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ემოციურ ჩაგვრაში ბრალი 4-მა ქალმა 2023 წლის სექტემბერში დასდო ბრალი.
ქალების ისტორიები გამოცემების Sunday Times და Times, ასევე სატელევიზიო არხის Channel 4 ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავრცელდა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით შემთხვევები 2006-2013 წლებში მოხდა. რამდენიმე შემთხვევა 2010-2012 წლებშია აღწერილი, როდესაც ბრენდი მომღერალ ქეითი პერიზე იყო დაქორწინებული.

ერთ-ერთი ქალი ამბობდა, რომ კომიკოსმა 2012 წელს ლოს-ანჯელესის სახლში გააუპატიურა. სავარაუდო დაზარალებულს აქვს მეორე დღეს გამოწერილი გაუპატიურების დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა, ასევე ბრენდისგან მიღებული SMS-შეტყობინებები, რომლებშიც მსახიობი ბოდიშს უხდის "გუშინდელისთვის".
მეორე ქალი, რომელიც ურთიერთობის მომენტში 16 წლის იყო, ამბობდა, რომ ბრენდთან 3-თვიანი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ქალი ამბობდა, ბრენდმა სექსის დროს დაუკითხავად მოიხსნა პრეზერვატივი, ასევე რამდენჯერმე დააძალა ორალური სექსი.
კიდევ ორმა ქალმა მსახიობი თავდასხმასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბრენდი მჩაგვრელი და კონტროლის მოყვარული ადამიანია.
მსახიობმა მალევე ბრალდებებს საკუთარ Youtube-არხზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით უპასუხა. კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფდა.
ამის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში რასელ ბრენდი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა.
ქალი ამბობდა, რომ შემთხვევა 2010 წელს, ფილმ არტურის გადაღებებზე მოხდა, რომელშიც ბრალმდებელი ეპიზოდურ როლს თამაშობდა. როგორც ქალი იხსენებდა, იმ დღეს ბრენდი გადასაღებ მოედანზე "მთვრალი, ხელში არყის ბოთლით" მივიდა. მოგვიანებით კი, ჯერ მის წინაშე სრულიად გაშიშვლდა, შემდეგ კი აბაზანაში შესულს თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.
ბრალმდებელმა საქმე ნიუ-იორკის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა.
წუარო: tabula.ge
