ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა 1.8 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას მიიღებს. გაწევრიანებაზე განაცხადი მოლდოვამ საქართველოს მსგავსად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს გააკეთა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვის მთავრობას მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია.
მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2016 წელს გააფორმა, 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ მისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, მოგვიანებით კი ევროპულმა საბჭომ სტატუსი მიანიჭა. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა. 1.8 მილიარდი ევროს დახმარება ცნობილი როგორც მოლდოვის რესპუბლიკის ზრდის ხელშეწყობის გეგმა, ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია ქვეყნისთვის. 1.8 მილიარდი მოცულობის დახმარება 2025-2027 წლებზეა გათვლილი. გეგმა სამი მთავარი მიმართულებით არის განსაზღვრული: ფინანსური, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის ზრდა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა.
დახმარება გულისხმობს მოლდოვის ეკონომიკის ხელშეწყობას; ევროკავშირთან დაახლოების მიზნით რეფორმების დაჩქარებას. ევროკავშირის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში მოლდოვას 430 მლნ ევროს ღირებულების სესხი გამოუყო. ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია.
წყარო: bm.ge