2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო.
ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე იტალია უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების უმსხვილეს ცენტრებს წარმოადგენს, გზავნილების მატება, განსაკუთრებით კი აშშ-დან ამ ქვეყანაში ქართული ემიგრაციის ზრდაზე მიანიშნებს.
2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, 2021 წელს, ანუ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, 2022 წელს ეს თანხა $2 მილიარდამდე გაიზარდა, 2023-ში $1.5 მილიარდამდე შემცირდა, 2024-ში კი მხოლოდ 411 მილიონი იყო.
267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.