2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში 7777 ელექტრომობილია რეგისტრირებული. საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 2 725-ით გაიზარდა.
ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასულ წელს რეკორდულია ამ ტიპის ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის იანვარ-ნოემბრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 4 711 ელექტრომობილის შესაძენად 91 მილიონ 591 ათასი დოლარი გავიდა. [2024 წლის ვაჭრობის სრული მონაცემები 20 იანვარს გამოქვეყნდება].
2024 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტის ღირებულება, 2023 წლის 11 თვესთან შედარებით 82.7%-ით გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 2 847 ელექტრომობილით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ნოემბერში.
ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად აშშ-დან და ჩინეთიდან შემოდის. იმპორტის გაზრდილი მაჩვენებელი კი ამერიკიდან ამ ტიპის ავტომობილების შემოყვანის ზრდამ განაპირობა. 11 თვეში საქართველოში ამერიკიდან 47 მილიონ 408 ათასი დოლარის 2 800 ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება 19 მილიონ 518 ათასი დოლარს, მოცულობა კი 894 ერთეულს შეადგენდა. ელექტრომობილების იმპორტი ჩინეთიდანაც გაზრდილია.
ელექტრომობილების იმპორტის ზრდის პირობებში, შემოყვანილი ერთეული ავტომობილის საშუალო ღირებულება შემცირდა. თუ 2023 წლის 11 თვის სტატისტიკის მიხედვით, 1 ელექტრომობილის ღირებულება საშუალოდ 26 894 დოლარი ჯდებოდა, 2024 წლის ამავე პერიოდის მონაცემებით, ერთეული მანქანის საშუალო ფასი 19 442 დოლარამდე შემცირდა. უნდა ითქვას ისიც, რომ 2024 წელს იანვარ-თებერვალში ელექტრომობილები ყველაზე ძვირად ქვეყანაში შვეიცარიიდან შემოვიდა, ჯამში 2 ერთეული. თითოეულის საშუალო ღირებულება 0.5 მლნ დოლარს აღემატებოდა.
ელექტრომობილების უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:
- აშშ - $47.4 მლნ, 2 800 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $16 931
- ჩინეთი - $19.5 მლნ, 764 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $25 521
- გერმანია - $10.2 მლნ, 154 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $66 677 დოლარი
- იაპონია - $5.3 მლნ, 785 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $6 752
- ბელგია - $1.5 მლნ, 32 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $29 970
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ, 41 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $29 970
- შვედეთი - $1.1 მლნ, 24 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $45 487
- შვეიცარია - $1 მლნ, 2 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $541 260
- კორეის რესპუბლიკა - $981 ათასი, 34 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $28 875
- აზერბაიჯანი - $819 ათასი, 8 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $102 455
გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ელექტრომობილების ექსპორტიც გაზრდილია. ჯამში შარშან ამ პერიოდში 24 მილიონ 555 ათასი დოლარის ღირებულება 885 ელექტრომობილი გავიდა, რაც სრულად რეექსპორტია.
ექსპორტის ღირებულება 158.5%-ით, რაოდენობა კი 583-ით გაიზარდა. ექსპორტის შემთხვევაში ერთეული ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 27 745 დოლარამდე შემცირდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი 31 445 დოლარი იყო.
ელექტრომობილების ექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხდება. საექსპორტო მიმართულებებს შორის რეიტინგის პირველ ხუთეულს შემდეგი ქვეყნები ადგენენ:
- ყირგიზეთი - $9.3 მლნ, 343 ცალი;
- ყაზახეთი - $5.6 მლნ, 200 ცალი;
- სომხეთი - $5 მლნ, 144 ცალი;
- აზერბაიჯანი - $1.6 მლნ, 51 ცალი;
- ჩეხეთი - $1.1 მლნ, 6 ცალი.
ელექტრომობილების რეექსპორტი ასევე უკრაინაში, უზბეკეთში, თურქეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში განხორციელდა, ხოლო აშშ-ში, ესპანეთსა და ბულგარეთში მხოლოდ ერთეული ავტომობილები გავიდა.
წყარო: bm.ge